
2 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე დოკას კინოკლუბი წარმოგიდგენთ ახალ პროგრამას.
კურატორის სიტყვა
ამ პროგრამაში თავმოყრილ ფილმებს ერთი შეხედვით ბევრი არაფერი აქვთ საერთო. დოკას კინოკლუბის სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, მისი აგება წინასწარ განსაზღვრული თემატური ჩარჩოს ან ერთიანი კონცეფციის პრინციპით არ მომხდარა.
სისტემურობის ნაცვლად, წინამდებარე პროგრამა თანდათანობით შედგენილი კრებულია - ფილმები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქალაქში, ბნელ კინოთეატრებში თუ საკუთარ ეკრანებზე აღმოვაჩინეთ გასული წლის მანძილზე და რომლებმაც ჩვენს მეხსიერებაში ისეთი სიმძაფრით დაილექეს, რომ დოკას მაყურებელთანაც მოგვინდა მათი გაზიარება.
ამ ფილმებს განსხვავებული ენობრივი ფორმები, ჟანრული კუთვნილება, გეოგრაფიული წარმომავლობა და ესთეტიკური სისტემები აქვთ. და მაინც, ერთ სივრცეში მოქცეული ეს ნამუშევრები მოულოდნელ დიალოგში შედიან ერთმანეთთან და მათ შორის თავისთავად იკვეთება თემატური და ფორმალური ხაზები.
ეს არის ფილმები მეხსიერების ფრაგმენტაციასა და ისტორიულ ტრავმაზე; ადამიანურ ყოფასა და დროის დინებაზე ცვალებად, მყიფე სამყაროში; კინემატოგრაფიული მემკვიდრეობისა და წარსულის ხელახალ გააზრებაზე, ან უბრალოდ, მოძრაობის, გზისა და მუდმივი ტრანზიტის მეტაფორებზე. ამ თემატური მრავალფეროვნების მიღმა კი ჩნდება საერთო მეთოდოლოგიური ინტერესი: არქივი, პირადი თუ კოლექტიური, როგორც წარსულის აღდგენისა და ინტერპრეტაციის ინსტრუმენტი.
პროგრამის კულმინაცია და სიმბოლური დასასრული წლის მიწურულს ფრიც ლანგის „მეტროპოლისის" ჩვენება იქნება, ცოცხალი მუსიკის თანხლებით. ეს კონკრეტული არჩევანი შემთხვევითი არ არის: ფილმში მოქმედება 2026 წელს ვითარდება, ზუსტად იმ წელს, როდესაც ამ პროგრამას წარვადგენთ. კლასიკური დისტოპიის წარმოსახვითი მომავალი ჩვენთვის აწმყოდ იქცა; ისტორიული ფანტასტიკა რეალობას შეხვდა, და ეს დამთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს კინოს უნიკალურ უნარს, დაინახოს და განჭვრიტოს დროის მიღმა მიმდინარე პროცესები, მანამდე, სანამ ისინი ისტორიად იქცევა.
დოკას კინოკლუბი გიწვევთ იმ ფილმების სანახავად, რომლებმაც წელს ჩვენი კინემატოგრაფიული სამყარო შეავსო.
ფორმები 2026: უახლესი ფილმების სელექცია
ფილმები

02/11/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ჩვენი მიწა
რეჟისორი: ლუკრეცია მარტელი
122’ / 2025 / არგენტინა
ფილმი 2009 წელს მოკლული თემის ლიდერის, ხავიერ ჩოკობარის მკვლელობის ამბის გავლით, ლათინურ ამერიკაში მიწის კოლონიური მიტაცების გაგრძელებაზე გვიყვება.
ფილმი აჩვენებს, რომ მიწის საკუთრება მხოლოდ იურიდიული საკითხი არ არის, არამედ ის პირველ რიგში, ძალაუფლების საკითხია: ვის აქვს მიწის დაცვის უფლება და ვის მხარესაა სახელმწიფო?! თანამედროვე სამყაროში, როცა მიწა ყველგან გლობალური კაპიტალის და მსხვილი ბიზნესის ინტერესებს ექვემდებარება, ეს პრობლემა არგენტინის საზღვრებს სცდება და ზოგადსაკაცობრიო ხასიათს იძენს.
ფილმის პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე.

09/11/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
გიყვარვარ?
რეჟისორი: ლანა დაჰერი
75’ / 2025 / ლიბანი
ლანა დაჰერის ექსპერიმენტული დოკუმენტური ფილმი 70-წლიანი საარქივო მასალის საფუძველზეა აგებული.
ასოციაციური მონტაჟის პრინციპის გამოყენებით, ფილმი ფრაგმენტული, არაწრფივი ფორმით ასახავს ბეირუთის კოლექტიურ ფსიქიკასა და ქვეყნის ისტორიას, რომელსაც ოფიციალური ეროვნული არქივი და საერთო ისტორიის ერთიანი სახელმძღვანელო არ გააჩნია.
დაჰერის ეს ნამუშევარი კოლექტიური მეხსიერების აღდგენისა და ერის სიცოცხლისუნარიანობის ვიზუალური მანიფესტია.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ვენეციის კინოფესტივალზე, 2025 წელს.

16/11/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მარიინკა
რეჟისორი: პიტერ-იან დე პიუ
94’ / 2025 / ბელგია
ფილმი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტისპირა ქალაქ მარიინკას მკვიდრი ახალგაზრდების ტრაგიკულ ბედს ასახავს.
მარიინკა არის მონუმენტური ნამუშევარი ომზე, რომელიც ბევრ კითხვას აჩენს მისი ფორმისა და შინაარსის გამო. რეჟისორმა პიტერ-იან დე პუემ ფილმზე თითქმის 10 წელი იმუშავა და იგი 16-მილიმეტრიან ფირზე გადაიღო. ფრონტის ორივე მხარეს გადაღებული ეს ნამუშევარი შთამბეჭდავი ვიზუალური ენითა და უნიკალური დოკუმენტური ღირებულებით გამოირჩევა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წელს კოპენჰაგენის დოკუმენტური კინოფესტივალის მთავარ კონკურსში შედგა.

23/11/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
წარსული მომავალი გრძელდება
რეჟისორი: ფირუზე ხოსროვანი, მორტეზა აჰმადვანდი
80’ / 2025 / ირანი, ნორვეგია, იტალია
ფილმი იძულებითი გადასახლებისა და სამშობლოსთან გაწყვეტილი კავშირის ტრავმას იკვლევს.
1979 წლის ირანის რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან წასული მარიამი, ამერიკიდან ციფრული კამერებით აკვირდება ირანში დარჩენილ მშობლებსა და მათ სახლს.
"წარსული მომავალი გრძელდება" აჩვენებს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიური კავშირები, რომელიც ერთი შეხედვით სიახლოვის ილუზიას ქმნის, სინამდვილეში კიდევ უფრო აძლიერებს განშორების სიმძიმეს და თანდათან საყოველთაო სასოწარკვეთად იქცევა.

30/11/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ერიკ რომერი, ბავშვური სული
რეჟისორი:. პასკალ ბუენიკი, ნოელ ერპე
60’ / 2025 / საფრანგეთი
დოკუმენტური ფილმი ფრანგული კინოს კლასიკოსის ერიკ რომერის შემოქმედებით მეთოდს მისი ბავშვობის სამყაროში, კორეზის მშობლიურ სახლში ეძებს.
იშვიათი ინტერვიუების, საარქივო კადრებისა და აქამდე უცნობი სასინჯი გადაღებების მეშვეობით, ფილმი ავტორის ბიოგრაფიას კი არ გვიყვება, არამედ ცდილობს ამოხსნას, თუ როგორ აქცევს რეჟისორი შემთხვევითობას ბავშვური თამაშის საგნად.
ეს ნამუშევარი რომერის შემოქმედებაში ხელახლა ჩაძირვის სურვილს აღძრავს.

07/12/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
რევოლუციონერები არასოდეს კვდებიან
რეჟისორი: მუჰანად იაკუბი
90’ / 2026 / პალესტინა/ბელგია/კატარი
2018 წელს ლიბანელმა რეჟისორმა ჟოსლინ საააბმა, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, თანამშრომლობა შესთავაზა პალესტინელ დოკუმენტალისტ მუჰანად იაკუბის. ამ ტრაგიკული მიზეზით, ორი რეჟისორს შორის თანამშრომლობა ვერ შედგა. ფილმი სწორედ ამ შეწყვეტილ დიალოგზეა აგებული, კერძოდ, საააბის მიერ ათწლეულების განმავლობაში შექმნილ 16 ფილმზე, რომლებიც არაბულ რევოლუციურ მოძრაობებსა და პალესტინურ საკითხს ეხმიანება.
ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ლოკარნოს კინოფესტივალის მთავარ კონკურსში 2026 წელს.

14/12/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მატარებელები
რეჟისორი: მაჩეი დრიგასი
80’ / 2024, პოლონეთი
საარქივო მასალაზე აგებული, დიალოგისა და კომენტარის გარეშე დამონტაჟებული ნამუშევარი, რომელიც მატარებლის ხატს იყენებს მეოცე საუკუნის ევროპული ისტორიის, ომების, დეპორტაციებისა თუ ტექნოლოგიური პროგრესის გასააზრებლად. მასალა 45-მდე მსოფლიო არქივიდან შეგროვდა და მისი შექმნის პროცესი 10 წელი გაგრძელდა.
ფილმის მსოფლიო პრემიერა 2024 წელს შედგა IDFA კინოფესტივალზე და საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესო მონტაჟისთვის დაჯილდოვდა.

21/12/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ერთი არასრულ დღე საქართველოს ისტორიიდან 10.06.1993
რეჟისორი: სალომე ჯაში
104 ‘ / 2026 / საქართველო
სალომე ჯაშის ახალი დოკუმენტური ფილმი მასალად პარლამენტის მხოლოდ ერთი დღის ჩანაწერს იყენებს.
1993 წელია. დეპუტატები და მთავრობის წევრები განიხილავენ რუსული მანეთისგან გათავისუფლებას და კუპონის დატოვებას ერთადერთ ფულის ერთეულად.
ეს დაზიანებული და არასრული ჩანაწერი, რომელშიც სიტყვა კატასტროფა არაერთხელ ისმის, მცირედი ფრაგმენტი თუ მინიშნებაა იმ ქაოტურ ეპოქაზე, რომლიდანაც თანამედროვე საქართველო ამოიზარდა.

30/12/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მეტროპოლისი
რეჟისორი: ფრიც ლანგი
150’ / 1927 / გერმანია
გერმანული ექსპრესიონისტული სამეცნიერო ფანტასტიკური კლასიკა, რომელიც საუკუნის წინ ქმნის მომავლის ურბანული დისტოპიის ხედვას: მეგაპოლისი გაყოფილია ცათამბჯენებში მცხოვრებ მმართველ „გონებად“ და მიწისქვეშა ქარხნებში მომუშავე „ხელებად“.
რადგან ფილმში მოქმედება 2026 წელს ვითარდება, პროგრამის სიმბოლურ დასასრულად სწორედ ეს ნამუშევარი შევარჩიეთ. ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება.
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"














