თემატური პროგრამა: რა გაანათებს ღამეს?
25 სექტემბერი - 30 ოქტომბერი, 2023
დღეს, კულტურის სფეროში არსებული კრიზისის ფონზე, როცა ძალადობრივი სისტემები და ხელისუფლებები ნიჰილიზმისა და უიმედობის სიღრმეებში გვითრევს, პოლიტიკური კინოს ირგვლივ სააზროვნო სივრცის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
დოკას კინოკლუბის გამხსნელი, საშემოდგომო პროგრამა - “რა გაანათებს ღამეს?” - აერთიანებს ფილმებს სოციალური სამართლიანობის, ჩაგვრის, სასტიკი შრომის პირობების, მჩაგვრელი სისტემებისადმი წინააღმდეგობისა და ამბოხის შესახებ.
მაშინ, როცა მასმედია ყოველდღიურად გვიხატავს იმედისგან დაწრეტილ რეალობას, დოკას კინოკლუბში მოწვეულ სტუმრებთან ერთად გთავაზობთ ვიმსჯელოთ, შესაძლოა თუ არა გავიაზროთ კრიზისი, როგორც ცვლილებების საწინდარი? როდის ხდება ბრძოლა გარდაუვალი? როგორ დავუპირისპირდეთ უიმედობას, რას შეუძლია დაგვანახოს დღის შუქი და გაანათოს ჩვენი ღამეები?
ქეთო ყიფიანი
ეკა წოწორია
რა გაანათებს ღამეს?
25 სექტემბერი - 30 ოქტომბერი, 2023
ფილმები
დოკას კინოკლუბის ჩვენებების სესიას პირველი ქართველი რეჟისორი ქალის, რეპრესირებული ავტორის, ნუცა ღოღობერის ფილმები “ბუბა” (1930) და “უჟმური” (1934) ხსნის. ათწლეულების მანძილზე გაუჩინარებული ეს ორი უმნიშვნელოვანესი სურათი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ფორმალისტურად შერაცხა, მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, დიდი ხნის ძებნის შემდეგ აღმოაჩინა მისმა შვილმა, რეჟისორმა ლანამ ღოღობერიძემ. თავის დროზე, “უჟმურის” სცენარი არაერთხელ გადაკეთდა, რათა მორგებოდა “სოციალისტური რეალიზმის” ჩარჩოს. “ბუბა”, ერთგვარად წინასწარმეტყველური ფილმი, კურორტ შოვის მშენებლობის უნიკალურ კადრებს შეიცავს და გვიყვება რაჭაში ცხოვრების სირთულეებზე, სადაც მოსახლეობა მთის მძიმე ბუნებრივ პირობებს შიშველი ხელებით ებრძვის.
სპეციალური სტუმარი: რეჟისორი ლანა ღოღობერიძე.
"მშრომელი კაცის სიკვდილში” ვხედავთ სამყაროში ყველაზე მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულ ადამიანებს უკრაინაში, ინდონეზიაში, ნიგერიაში, პაკისტანსა და ჩინეთში, რომელთაც ექსტრემალური სამუშაო პირობების და ცხოვრების მიუხედავად, არ დაუკარგავთ იმედი და ოცნება აუტანელი შრომის მიღმა არსებულ სამყაროზე.
ფილმის პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა და ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის.
აღიარებული ავსტრიელი დოკუმენტალისტი მიხაელ გლაუოგერი თავად მუშაობის დროს, მორიგი ფილმის გადაღებისას, ტრაგიკულად დაიღუპა.
კანის კინოფესტივალის პრიზის მფლობელი დოკუმენტური ფილმი “არაფრის ცოდნის ღამე” გვიყვება სტუდენტურ საპროტესტო ტალღაზე, რომელიც ინდოეთის კინოსკოლაში მას შემდეგ აფეთქდა, როცა პრემიერ მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ უნივერსიტეტის მმართველ თანამდებობაზე საკუთარი პარტიის წევრი დანიშნა.
სასიყვარულო წერილების საშუალებით, რომელიც ფილმის თხრობის მთავარი ხერხია, ვაკვირდებით კინოსკოლის სტუდენტების ბრძოლას პოლიტიკური და შემოქმედებითი თავისუფლებისთვის.
“ნეპტუნის ყინვა” - მიუზიკლი, აფრო-ფუტურისტული sci-fi იგავი, რომელიც საუბრობს მეამბოხე თემის წინააღმდეგობაზე. ფილმში პოლიტიკური ძალადობის, ეკონომიკური უსამართლობისა და კულტურული გაუცხოების პირობებში, ჰაკერების დივერსიული კოლექტივი ცდილობს ავტორიტარული რეჟიმის დამხობას და ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ფანტაზია და სოლიდარობა შესაძლებელი იქნება.
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.
2018 წლის შემოდგომაზე საფრანგეთში დაწყებული “ყვითელი ჟილეტების” საპროტესტო მოძრაობა, როგორც კოლექტიური ბრძოლის უპრეცენდენტო მაგალითი, დღემდე კვლევის და ანალიზის საგანია მოაზროვნეებისთვის. შეპირისპირებითი მონტაჟის გამოყენებით, რეჟისორი ურთიერთმონაცვლეობით გვაჩვენებს სისასტიკეს, ჩადენილს პოლიციელის წინააღმდეგ თუ პოლიციელის მიერ და სვამს კითხვას: მაშინ, როცა სახელმწიფო ფიზიკური ძალის გამოყენებას ლეგიტიმურად მიიჩნევს და მასზე მონოპოლიას აცხადებს, ვინ შეიძლება დაარეგულიროს ეს ძალადობა?!
ფილმის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა.
ესპანელი ფილოსოფოსისა და მწერლის, პოლ ბ. პრესიადოსთვის ეს სადებიუტო ესსე ფილმია. ფილმი ერთგვარი კოლექტიური ავტობიოგრაფიაა, რომელსაც ავტორი 20-ზე მეტი სხვადასხვა პერსონაჟის გენდერული ტრანზიციის ამბებით ყვება.
ფილმი თამამი და მხიარული რეფლექსიაა ვირჯინია ვულფის ამავე სახელწოდების გახმაურებულ სატირისტულ რომანზე “ორლანდო”, რომლის მთავარი გმირიც დროში მოგზაურობს ერთ დღესაც იღვიძებს, როგორც ქალი. პრესიადო თეატრალიზებული ინსცენირებებით ციტირებს ვულფის ტექსტს, გვთავაზობს მის თანამედროვე, კრიტიკულ გადააზრებას და საზეიმო სიმსუბუქით ცდილობს ისტორიაში ადგილი დაუმკვიდროს პერსონაჟებს, რომელთა ამბებიც წარსულის ტექსტებმა არ შემოგვინახა.
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"
თემატური პროგრამის მხარდამჭერები