
2 მარტიდან 25 მაისამდე დოკას კინოკლუბი წარმოგიდგენთ პროგრამას "გაზაფხულის მოლოდინში".
დისტოპიურ „მეტროპოლისში“ მოქმედება ჩვენს დროში, 2026 წელს ხდება. 1927 წელს ფრიც ლანგი მომავლის კონსტრუქციას ცდილობს და იმ დროისთვის მწირი ტექნიკური საშუალებებით გარდამტეხ
სურათს ქმნის, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ დღევანდელ კინოენასაც კი განსაზღვრავს.
ჩვენს ახალ, საგაზაფხულო პროგრამას „გაზაფხულის მოლოდინში” დავარქვით, რადგან ახალი ფორმების და ენის ძიება გაზაფხულის შესაბამისად, აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებზე პასუხების ძიებას ჰგავს. თუმცა, კითხვებს წარსულშიც ვსვამთ, ვეძებთ და ვცდილობთ წარმოვიდგინოთ ჯერ კიდევ განუსაზღვრელი მომავალი.
ჩვენი სელექცია განვლილ პროგრამებში ნაჩვენებ ფილმებსაც ეხმიანება და გლობალურ, მძაფრ საკითხებსაც ასახავს. მაგალითად, პროგრამის გამხსნელი ფილმი, კლერ სიმონის „ცხოვრების წერა“, შეგიძლიათ რუთ ბეკერმანის „მუცენბახერს“ შეადაროთ; დელფინ სიორიგის ინტერვიუები მსახიობ ქალებთან - ნინა მენკესის მოსაზრებებს დაუკავშიროთ; სიუზან პიტის ანიმაციებით კი ისევ სიზმრისეულ გარემოში შეიყუჟოთ.
ამ გაურკვეველ და დამზაფვრელ დროში გვინდა, რომ „სიხარული იყოს სტრატეგია“. ამიტომ სიხარული ჩვენი ფილმების სელექციის ერთ-ერთ სტრატეგიად ვაქციეთ. თუმცა, ფილმები ომზე, სისასტიკეზე და კოლონიური წარსულის გააზრებაზე პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მათზე ფიქრიც და მათი ცოდნაც ჩვენი გაცნობიერებული ყოველდღიურობაა. ფილმები ერთმანეთისგან განსხვავდება ფორმითაც და თემითაც და ბოლო წლების ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელ აღმოჩენებსაც მოიცავს.
ფრიც ლანგის „მეტროპოლისი“ ჩვენი პროგრამის დახურვის ფილმი იქნება - ერთგვარი მცდელობა, შევხედოთ დისტოპიურ 2026 წლის წარმოდგენას 1927 წლიდან, ამ წლის გაზაფხულზე და კვლავ
დავიჯეროთ, რომ მომავალი ჯერ კიდევ შესაძლებელია.
გაზაფხულის მოლოდინში
ფილმები

02/03/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ცხოვრების წერა
რეჟ: კლერ სიმონი
90 წთ / 2025 / საფრანგეთი
SUB: ENG
ფრანგი მწერალი და ნობელის პრემიის ლაურეატი ანი ერნო თანამედროვე ფემინიზმის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, რომლის ტექსტებიც ინტიმურსა და კოლექტიურ გამოცდილებას აერთიანებს. კლერ სიმონი მის შემოქმედებას ფრანგულ საკლასო ოთახებში აკვირდება და აჩვენებს, როგორ აფხიზლებს ერნოს სიტყვები ახალგაზრდებს, საკუთარი გამოცდილების გააზრებისა და თავისუფლებისკენ სწრაფვის პროცესში.

09/03/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
იყავი ლამაზი და მოკეტე!
რეჟ: დელფინ სეირიგი
112 წთ / 1981 / საფრანგეთი
SUB: ENG
8 მარტის აღსანიშნავად, ჩვენი კინოპროგრამა ქალების ხმას ეთმობა წარსულიდან, რომლებიც ზუსტად იმ თემებზე საუბრობენ, რაც დღემდე აქტუალურია. ეს ფილმი ერთგვარად ეხმიანება დოკას კინოკლუბში ნაჩვენებ ნინა მენკესის ფილმს ტვინგამორეცხილები: სექსი - კამერა - ძალაუფლება.
1975 წელს დელფინ სეირიგმა საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ოცდაოთხ მსახიობთან, მათ შორის, მარია შნაიდერთან, ჯეინ ფონდასთან და შირლი მაკლეინთან ჩაწერა
ინტერვიუები. ისინი კინოინდუსტრიაში შრომისა და გადარჩენის გამოცდილებაზე საუბრობენ. ფილმი ეხება ქალების სისტემურ ჩაგვრასა და ძალაუფლებრივ მექანიზმებს და ამხელს სტუდიური სისტემის მიერ წარმოებულ უხილავ ძალადობას, რომელიც ეკრანს მიღმა მოქმედებს.

16/03/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მბჟუტავი დედამიწის სიმღერები
რეჟ: ოლჰა ჟურბა
93 წთ / 2024 / უკრაინა / საფრანგეთი / შვედეთი
SUB: ENG
აუდიოვიზუალური ფილმი-დღიური ასახავს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის პირველი ორი წლის პერიოდს.
ფილმი აკვირდება სივრცეებს, პერსონაჟებსა და იშვიათ დიალოგებს, ყურადღებას ამახვილებს კადრში არსებულ ხმებსა და სიჩუმეებზე.
ეს ყველაფერიერთად ქმნის განცდას იმისა, თუ როგორ იქცა ომი ჩვენთვის ყოველდღიურ რეალობად, ხოლო უკრაინელებისთვის - უწყვეტ ბრძოლად.

23/03/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მოკლე ფილმები
უიტნის რეკლამა
რეჟ: სიუზან პიტი
3 წთ /1973 / აშშ
SUB: ENG
ეს მოკლე ანიმაცია, დევიდ ბინსტოკის - უიტნის ხელოვნების მუზეუმის New American Film Series-ის დამფუძნებლის დაკვეთით, დონაციების შესაგროვებლად შეიქმნა.
კბილ-ნაპრალა ქალები
რეჟ: ლეს ბლანკი
31 წთ / 1987 / აშშ
SUB: ENG
კბილ-ნაპრალა ქალები დოკუმენტური ფილმია, რომელიც სილამაზისა და განსხვავებულობის კონსტრუქტებს იმ ქალების გამოცდილებაზე დაყრდნობით იკვლევს, ვისაც კბილებს შორის
ნაპრალი აქვთ. ფილმი მსუბუქად და ირიბად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სილამაზის დომინანტურ სტანდარტებს და ხაზს უსვამს
ინდივიდუალურობის მნიშვნელობასა და მის ესთეტიკურ ღირებულებას.
გას პორტრეტი
რეჟ: მარგარეტ ტეიტი
5 წთ / 1952 / დიდი ბრიტანეთი
(დიალოგის გარეშე)
პოეტური დოკუმენტური ფილმი რეჟისორის დედის ყოველდღიურ ცხოვრებას გვაჩვენებს. სულ რაღაც ხუთ წუთში, კამერა ადამიანის ხასიათსა და ყოფის მშვენიერებას ფაქიზად ასახავს.
ოთხი გზა
რეჟ: ალიჩე რორვაჰერი
8 წთ / 2020 / იტალია
SUB: ENG
ფილმში ალიჩე რორვაჰერი პანდემიის დროს სოფლად მცხოვრებ მეზობლებს აკვირდება. 16-მილიმეტრიანი კამერით გადაღებული ფილმი ეკრანზე ნაჩვენებს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს და სვამს შეკითხვას, თუ როგორ შეიძლება ადამიანური კავშირების გაბმა ფიზიკური დისტანციის მიუხედავად.
სიყვარული უპირველეს ყოვლისა
რეჟ: სუ ფრიდრიხი
SUB: ENG
22 წთ / 1991 / აშშ
ფილმში რამდენიმე ქორწილია ნაჩვენები პოპულარული სასიყვარულო სიმღერების ფონზე. აქცენტი დეტალებზეა: ბეჭდების გაცვლაზე, საქორწინო ფიცის დადებასა და სხეულის ენაზე.
ფილმი ერთდროულად გვაფიქრებს სიყვარულის, ვალდებულებისა და კულტურული მოლოდინების ურთიერთკავშირზე და ამავე დროს, ამ ყველაფერს ეჭვის ქვეშ აყენებს.
წყლის ისტორია
რეჟ: ჟან-ლუკ გოდარი, ფრანსუა ტრიუფო
12 წთ / 1958 / საფრანგეთი
SUB: ENG
ეს მოკლემეტრაჟიანი, ნაწილობრივ იმპროვიზებული ფილმი კომიკური ელემენტებით პარიზის წყალდიდობის ისტორიას მოგვითხრობს. გადაღება ფრანსუა ტრიუფომ დაიწყო, თუმცა სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილების მიმართ თანაგრძნობის გამო მუშაობა შეწყვიტა. ფილმი ჟან-ლუკ გოდარმა დაასრულა. ვიზუალური და ბგერითი მონტაჟის, რადიკალური სტრუქტურისა და ჩვეულებრივისა და ინტელექტუალურის თითქმის ანარქისტული შერწყმით, ფილმი ფრანგული ახალი ტალღისთვის დამახასიათებელ ესთეტიკას ავლენს.
ჩური
რეჟ: რენატა გასიოროვსკა
8 წთ / 2019 / პოლონეთი
SUB: ENG
ახალგაზრდა გოგო საღამოს სახლში მარტო ატარებს. გადაწყვეტს, დრო საკუთარი თავის სიამოვნებას დაუთმოს, თუმცა ყველაფერი ისე არ ვითარდება, როგორც დაგეგმილი ჰქონდა.
ზაფრანა
რეჟ: სიუზან პიტი
7 წთ / 1971 / აშშ
SUB: ENG
სიუზან პიტის ერთ-ერთი ადრეული ექსპერიმენტული ანიმაციური ნამუშევარი. ფილმს სიურეალისტურ-პოეტური ტონი აქვს და ოჯახური ცხოვრების ყოველდღიურ მომენტებს სიზმრისეულად აჩვენებს. პეპლები, ფრინველები, ყვავილები და ბოსტნეული სივრცეში მოძრაობენ და ჩვეულებრივ სცენებს სიმბოლურ და უცნაურ სახეს აძლევენ.

30/03/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ვირტუალური კუნძული
რეჟ: ეკიემ ბარბიე, გიემ კოსი, კენტენ ლ’ელგუაკი
95 წთ /2023 / საფრანგეთი
SUB: ENG
სადღაც ინტერნეტში, არსებობს სივრცე, სადაც სხვადასხვა საზოგადოებები ფიქტიურ რეალობაში, გადარჩენისთვის იბრძვიან.
„მოთამაშეები“ საკუთარ შიშებსა და ფანტაზიებს ღიად აზიარებენ, რეალურსა და ვირტუალურს შორის კი ხშირად შემაშფოთებლად მცირე ზღვარია.
რეჟისორების ავატარებმა ამ სამყაროში 963 საათი გაატარეს.

06/04/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მშვიდობით, ტიბერიას
რეჟ: ლინა სუალემი
83 წთ / 2023 / საფრანგეთი / პალესტინა
SUB:ENG
ჰიამ აბასი მსახიობობაზე ოცნების გამო სოფლიდან მიდის, ტოვებს დედას, ბებიას და შვიდ დას. ოცდაათი წლის შემდეგ მისი რეჟისორი ქალიშვილი ლინა მასთან ერთად, გამქრალ ადგილებში, ოთხი თაობის გაფანტულ მოგონებებს შორის სამოგზუროდ ბრუნდება.

13/04/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
დაჰომეი
რეჟ: მატი დიოპი
68 წთ / 2024 / საფრანგეთი / სენეგალი
SUB:ENG
2021 წელს დაჰომეის სამეფოდან გატანილი 26 არტეფაქტი პარიზიდან თანამედროვე ბენინში ბრუნდება. როგორ უნდა მიიღოს ქვეყანამ მოპარული საგანძური მაშინ, როცა მან საკუთარი იდენტობა არტეფაქტების არყოფნის დროს თავიდან შექმნა?

20/04/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ძმები ანდერსონები
რეჟ: იოჰანა ბერნჰარდსონი
85 წთ / 2024 / შვედეთი / ფინეთი
ძმები ლაიფი, რონი, როი და კიელი ათი წელია ერთმანეთს არ შეხვედრიან. დიდი კონფლიქტი არ ყოფილა, უბრალოდ ერთმანეთს ჩამოშორდნენ, განსხვავებული გზები აირჩიეს. როი ანდერსონი კინორეჟისორია, კიელი ისტორიულ დოკუმენტურ ფილმებს იღებს, ლაიფი პოლიტიკურ აქტივისტად და სპორტსმენად ჩამოყალიბდა, ხოლო რონი ალკოჰოლსა და ნარკოდამოკიდებულებას ებრძოდა და უსახლკაროთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
ლაიფის ქალიშვილი იოჰანა ცდილობს გადარჩენილი ძმები ისევ შეკრიბოს და მათი ოჯახის ისტორია გადაიღოს.
შეხვედრა რეჟისორთან

27/04/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
ოჯახური რენტგენი
რეჟ: ფიროუზე ხსროვანი
82 წთ / 2020 / ირანი / ნორვეგია
SUB:ENG
ფილმი მშობლების ქორწინების ისტორიით ირანის კულტურულ და პოლიტიკურ დაპირისპირებებს იკვლევს. ოჯახური ფოტოებით, არქივითა და წერილებით მოთხრობილი ეს ინტიმური ნარატივი გვიჩვენებს სეკულარ, დასავლური ხედვის მქონე მამისა და ღრმად რელიგიური დედის თანაცხოვრებას, როგორც ირანში ტრადიციასა და მოდერნიზაციას შორის არსებული დაძაბულობის ანარეკლს.

04/05/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
აზარტი, ღმერთები და LSD
რეჟ: პეტერ მეტლერი
180 წთ / 2002 / კანადა, შვეიცარია
SUB:ENG
პეტერ მეტლერის დოკუმენტური ფილმი მოგზაურობის ფორმით იკვლევს ადამიანის მუდმივ სწრაფვას ექსტაზის, რწმენისა და ტრანსცენდენტული გამოცდილებისკენ. კამერა მოგზაურობს სხვადასხვა კულტურასა და სივრცეში - აზარტული თამაშების სამყაროდან რელიგიურ რიტუალებამდე და ფსიქოდელიური ცნობიერების ექსპერიმენტებამდე. ეს არის მედიტაციური მოგზაურობა რწმენის, შემთხვევითობისა და ცხოვრების აზრის აღმოსაჩენად.

11/05/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
დე ფაქტო
რეჟ: სელმა დობორაცი
130 წთ / 2023 / ავსტრია, გერმანია
SUB:ENG
როგორ შეიძლება კინო გაუმკლავდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ უკიდურეს ძალადობას და სახელმწიფო ტერორს ისე, რომ თავად არ გახდეს მათი თანამონაწილე? "დე ფაქტო" ამ კითხვაზე პასუხებს ორი მსახიობის მეშვეობით პოულობს. ფილმი ტექსტების ხისტი კოლაჟისგან და განზრახ მინიმალიზებული გარემოსგან შეგდება.

18/05/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მშვენიერი წელი
რეჟ: ანჟელიკა რუფიე
95 წთ / 2026 / შვედეთი / ნორვეგია
SUB:ENG
მამის გარდაცვალების შემდეგ, ბავშვობის სახლის დაცლისას, ანჟელიკა მოზარდობაში განცდილ ინტენსიურ და ცალმხრივ სიყვარულს იხსენებს.
შეხვედრა რეჟისორთან

25/05/2026 19:00 კინოთეატრი ამირანი
მეტროპოლისი
რეჟ: ფრიც ლანგი
150 წთ / 1927 / გერმანია
ფრიც ლანგის დისტოპიური კლასიკა დღესაც ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც 1927 წლის
პრემიერის დროს. ვიზუალური სიმფონია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა სამეცნიერო
ფანტასტიკის კინოს, დღემდე რჩება უხმო კინოს გამომსახველობითი ძალის საუკეთესო
მაგალითად. მეტროპოლისი ჩვენს გაზაფხულის პროგრამას ერთი დამატებითი მიზეზითაც
ასრულებს - მასში მოქმედება 2026 წელს ხდება. საინტერესო იქნება თვალი გადავავლოთ
წარსულს და ჩვენს რეალობას სხვადასხვა დროიდან შევხედოთ.
ჩვენება შედგება გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით.
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"
თემატური პროგრამის მხარდამჭერი