top of page
პირისპირ-საუბრები-doca.webp
პირისპირ საუბრები

დოკა პერიოდულად მართავს შეხვედრებს კინოთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. შეხვედრები სივრცეა ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, კავშირების დასამყარებლად, გამოწვევებთან გასაკმლავებლად. დამსწრეებს საშუალება აქვთ ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში გაცვალონ აზრები და შთაბეჭდილებები. 

სავტორო ხმის ფორმირება მონტაჟისას



საუბარი კაშა ბონიეცკასთან

28 აპრილი 19:00, ფრონტლაინ ჯორჯია


პოლონელი მემონტაჟის, კაშა ბონიეცკას ლექცია შეეხო შემოქმედებით გზას, მონტაჟის პირველი ნაბიჯებიდან სხვადასხვა კინოფორმატზე მუშაობამდე. მან მიმოიხილა პირველი სამუშაო შეხვედრები, კოლაბორაციული პროექტები, საარქივო მასალებზე დაფუძნებული ნამუშევრები, ავტორის ტექსტით (voice-over) ნასაზრდოები პერსონალური კინო და დამკვირვებლური დოკუმენტალისტიკა.

შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი საავტორო ხმის ძიებასა და მის აღმოჩენას დაეთმო. მომხსენებელმა ასევე, გააზიარა სხვადასხვა რეჟისორებთან თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილება და მათთან საერთო შემოქმედებითი ენის პოვნის ხელოვნება.

აწმყოს აღბეჭდვა და მუშაობა პირად არქივთან



საუბარი იოჰანა ბერნჰარდსონთან

21 აპრილი 19:00, დიზაინის ინსტიტუტი


შვედმა რეჟისორმა, იოჰანა ბერნჰარდსონმა, ლექცია პერსონალური დოკუმენტური კინოს სპეციფიკასა და ინტიმური, საოჯახო სივრცეების გადაღების თავისებურებებს მიუძღვნა. საკუთარი დოკუმენტური ფილმის, „ძმები ანდერსონების“ მაგალითზე, რეჟისორმა მსმენელს პირადი არქივების დამუშავებისა და გადასაღებ მოედანზე ოჯახის წევრებთან ურთიერთობის უნიკალური გამოცდილება გაუზიარა.

ავტორსა და მაყურებელს შორის



საუბარი ლაურა ვან ჰალსემასთან

29 სექტემბერი 19:00, ქუთაისი, წიგნების თაობა


ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალის ფარგლებში, DOCA-ს მხარდაჭერით, IDFA-ს მთავარ კურატორთან, ლაურა ვან ჰალსემასთან შეხვედრა გაიმართა.

ლაურამ მსმენელს კურატორობისა და პროგრამირების მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა. დისკუსია შეეხო დოკუმენტური კინოს შექმნის ეთიკურ პრინციპებს, დროთა განმავლობაში ფილმების ფორმისა თუ თემატიკის ტრანსფორმაციას, თანამედროვე ტენდენციებსა და იმ უნიკალურ გამოწვევებს, რომლებიც კურატორის პროფესიულ საქმიანობას ახლავს თან

კურატორული კვლევა მსოფლიო კინოს არქივებში: ქართული კინოს აღმოჩენა



საუბარი სიუზან ოქსტობისთან

29 მაისი 18:00, ფრონტლაინ კლუბი, ლადო ასათიანის 62


სიუზან ოქსტობი ამჟამად BAMPFA-ში თანამედროვე ქართული კინოს რეტროსპექტივაზე მუშაობს. DOCA-სთან “პირისპირში” ის ისაუბრებს როგორც ამ პროექტზე, ასევე იმ კვლევაზე, რომელიც  2014-15 წლებში ჩაატარა რეტროსპექტივისთვის Discovering Georgian Cinema („ქართული კინოს აღმოჩენა“), და რომელიც BAMPFA-მ და ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა (MoMA) ერთობლივად წარადგინეს.


ადრეული საბჭოთა კინო და ფემინურობის მოდელები



საუბარი სალომე ცოფურაშვილთან

17 აპრილი 18:00, გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16


ამ ზაფხულს გამომცემლობა Bloomsbury-მ ქართველი ავტორის, სალომე ცოფურაშვილის წიგნი "From Victimhood to Empowerment" გამოსცა. წიგნი ქალთა რეპრეზენტაციის ანალიზს ეხება 1920-იანი წლების ქართულ საბჭოთა ფილმებში. შეხვედრაზე ავტორმა ამ წიგნის შინაარსზე, წერის პროცესსა და შთაგონებაზე ისაუბრა.

ახალი ენის ძიებაში

საუბარი თათია დვალთან - ანთროპოლოგი / გენდერის მკვლევარი და რეზი გვარამაძესთან - არქიტექტორი, ხელოვანი, materialhunters კოლექტივის წევრი

27 მარტი 18:00, ფრონტლაინ კლუბი, ლადო ასათიანის 62


რას ნიშნავს "ახალ ენაზე" ფიქრი გამოსახულებით და ინფორმაციით დატვირთულ ყოველდღიურობაში? რომელ და როგორ გამოსახულებას აქვს მნიშვნელობა დღეს და როგორ უნდა ვიმსჯელოთ დღევანდელ რეალობაში სათქმელზე, სიტყვებზე და ვიზუალურ ხატებზე? შეხვედრას ორი მომხსენებელი ეყოლება, რომელიც თეორიულ ჩარჩოს განუსაზღვრავს პირისპირს. შემდეგი ნაწილი კი მოდერირებული დისკუსია იქნება, სადაც ყველას ექნება აზრის გამოთქმის და მსჯელობის საშუალება.




ცენზურა კინოში


საუბრობს გოგი გვახარია

მოდერატორი სალომე ასათიანი

24 ივნისი, 2024


დოკუმენტური კინოს ასოციაცია იწვევს გოგი გვახარიას მისი ესეების კრებულზე "ცენზურა კინოში" სასაუბროდ.


საქართველოს ხელისუფლება ცენზურის დაკანონებას აპირებს. ახალი კანონი, რომელსაც "ოჯახური სიწმინდის დაცვის" პრეტენზია აქვს, სინამდვილეში აწესებს კონტროლს შემოქმედებაზე და ხელოვანებზე.


2021 წელს "ინდიგომ" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად გამოსცა ხელოვნებათმცოდნის, "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის გოგი გვახარიას წიგნი "ცენზურა კინოში", რომელიც ისტორიული ნარკვევების კრებულია, თუმცა "ოჯახური სიწმინდის დაცვის" კანონის დამტკიცების შემთხვევაში უაღრესად აქტუალურ დოკუმენტად შეიძლება იქცეს.

შემოქმედებითი მონტაჟი


საუბრობს იაკოპო კვადრი მოდერატორი რატი ონელი 26 აპრილი, 2024


იაკოპო კვადრი 1964 წელს დაიბადა მილანში. მისი სახელი უკავშირდება ცნობილ და მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელ ნამუშევრებს. ის დიდი ხანია რაც თანამშრომლობს რეჟისორ ჯანფრანკო როსისთან და არის მონტაჟის რეჟისორი მისი ფილმებისა Below Sea Level, Fuocoammare (ბერლინის ოქროს დათვის მფლობელი) და Sacro GRA (ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი). იაკოპო კვადრი ასევე თანამშრომლობდა ბერნარდო ბერტოლუჩისთან და არის მემონტაჟე ისეთი სახელგანთქმული ფილმების, როგორებიცაა: "მეოცნებენი" და "მე და შენ".

bottom of page