თემატური პროგრამა: “პერიფერიული ტრანსფორმაციები და მეხსიერების კერები”
იანვარი - თებერვალი, 2024
დამოუკიდებელი ქართული კინოს “რენესანსი” 2000-იანი წლებიდან ახალი ქართული დოკუმენტური კინოტრადიციით იწყება. თანამედროვე ქართულ კინოს ავტორები დოკუმენტური ჟანრის ფარგლებში მწვავედ ამახვილებენ ყურადღებას სოციალურ საკითხებზე, წინა პლანზე გადმოჰყავთ პერსონაჟები ე.წ. პერიფერიებიდან და აქტიურად ადევნებენ თვალს როგორც საჯარო, ასევე პირადი სივრცეების ტრანსფორმაციას. სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონულ და ტრანსნაციონალურ კონტექსტიც ხშირად ხდება ქართველი დოკუმენტალისტების კამერის ფოკუსში.
დოკუმენტური ფილმების სერია “პერიფერიული ტრანსფორმაციები და მეხსიერების კერები”. თანამედროვე ქართული დოკუმენტური კინოს გამორჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს. პროგრამის კონცეფცია სამ ცენტრალურ თემატურ და დისკურსულ ფოკუსს მონიშნავს: ეკოლოგია და ინფრასტრუქტურა, ცენტრის პერიფერიები (სივრცეები და ადამიანები) და ბოლოს ომი და მეხსიერება (მოწმეობა, ტრავმა, ლტოლვილობა).
ირინე ბერიძე, პროგრამის კურატორი
პერიფერიული ტრანსფორმაციები და მეხსიერების კერები” იანვარი - თებერვალი, 2024
ფილმები
„მილსადენის მეზობლები“ ბორჯომის ხეობაში, „ახალი აბრეშუმის გზის“, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენის მშენებლობას ეძღვნება. ის 2002 წელს, პირველი საძირკველის ჩაყრის ცერემონიაზე, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ და მოცულობით პროექტად შეფასდა. ფილმი გვიჩვენებს, თუ როგორ იჭრებიან მსხვილი გლობალური კორპორაციები სატრანზიტო ქვეყნების პერიფერიების მაცხოვრებლების ყოველდღიურობაში და კონფლიქტის ახალ კერებს ქმნიან. ბორჯომის მუნიციპალიტეტის, სოფელ საკირეს მოსახლეობა უზარმაზარი საერთაშორისო კორპორაციის (bp) ინტერესებს და ტრანსნაციონალური კაპიტალის ლოგიკას ეჯახება და ბუნების მონეტიზაციის საწყისი პროცესების მოწმეა. ფილმი ქართული ეკოლოგიური კინოს (Ecocinema) ახალი ტრადიციის ფუძემდებლურ ნამუშევრად შეიძლება ჩაითვალოს.
სტუმარი: ფილმის ავტორი ნინო კირთაძე
საქართველო ბიტკოინის ექსპორტის კუთხით მსოფლიოში მესამე ადგილზეა. კრიპტოვალუტის წარმოებისთვის გიგანტური ენერგორესურსია საჭირო. ფილმი „მოსავალი“ კახეთის, ერთი შეხედვით, იდილიური პეიზაჟების ფონზე, სივრცულ და ფუნქციურ კონფლიქტებს ხატავს: მაღალი ტექნოლოგიები და ყოფილი ფერმერული მეურნეობების ნანგრევები, ინტერნეტ ეკონომიკა და მიწათმოქმედების უძველესი პრაქტიკები. მშვიდი, მაგრამ განსაკუთრებული ვიზუალური ენერგიის მატარებელი ნამუშევარი, ციფრული ვალუტის ციებ-ცხელებას მისი ბუნებასა და რესურსებზე ზეგავლენის ფონზე გამოკვეთს. დოვლათი, რომელიც აქ მოიპოვება, მაგრამ აქ არ რჩება.
სტუმარი: ეკონომიკის მკვლევარი ია ერაძე
ფილმი „ინგლისურის მასწავლებელი“ კინო-კომენტარია მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, მოიწვიოს ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლები და საქართველოში „ლინგვისტური რევოლუცია“ მოახდინოს: სწრაფი მოდერნიზაციის კიდევ ერთი მცდელობა, რომელიც ნაკლებად შეესაბამება საქართველოს პერიფერიის რეალობას.
სტუმრები: ფილმის ავტორები ნინო ორჯონიკიძე და ვანო არსენიშვილი
ფილმში ქალაქი ჭიათურა და მისი ინდუსტრიული წარსულის აჩრდილი ჩამოშლილი ინფრასტრუქტურების ფონზე იკითხება. მიუხედავად ამისა კომუნისტური უტოპიის ხანაში და ახლაც ქალაქის სასიცოცხლო მექანიზმი მის მაცხოვრებლებზე დგას. ფილმი ჭიათურაში შემორჩენილი ადამიანების მრავალფეროვან და კომპლექსურ პორტრეტს ხატავს და წარსული პოლიტიკური თუ სოციალური სისტემების ნანგრევების ფონზე მათ შეუპოვარ და სტოიკურ ბუნებაზე გვიყვება.
სტუმარი: ფილმის ავტორი რატი ონელი
ფილმი ქართული დემოკრატიის ერთ-ერთ ყველაზე მყიფე დროებაზე მოგვითხრობს, როცა საპრეზიდენტო არჩევნების ჩავლის ფონზე, 2008 წლის აგვისტოში, სამხრეთ ოსეთში საომარი მოქმედებები ღვივდება და რუსეთის არმია ქართულ ტერიტორიებზე ისევ იჭრება. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინტიმური პორტრეტი პოლიტიკური და პერსონალური უმწეობის შემზარავ სურათს ქმნის. აგვისტოს ომი როგორც უხილავი ომი აღმოსავლეთ ევროპის პერიფერიაში და დოკუმენტური კამერით შექმნილი მეხსიერება ომის სახეებსა და სივრცეებზე, რომლებიც მნიშვმელოვან არქივს ქმნიან.
სახლი, რომელიც სიზმარში დარჩა
რეჟ: ანნა ძიაპშიპა
2021 / 8' / საქართველო
ჩასარბენი ციხე
რეჟ: სალომე ჯაში
2018 / 4' / საქართველო
ჩემი სახლის ზედხედი
რეჟ. ქეთი გიგაშვილი
2018 / 18' / საქართველო
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა სამ განსაკუთრებულ ავტორს და ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ომისა და მეხსიერების თემას, ერთი შეხედვით, განსახვავებული კუთხით უახლოვდება. სამივე ფილმს აერთიანებს იდეა, იკვლიოს მეხსიერების, წარმოსახვითი სივრცეების და ტრავმის გადაკვეთის ხაზები. ნამუშევრებში ომისა და დევნილობის შედეგად დაკარგული ინტიმური სივრცული ობიექტები ვირტუალური თუ ფიზიკური (გ)აზომვის პროცესს ექვემდებარება და ამას კოლექტიურ, სხვადასხვა თაობათა შორის გაჭიმულ, რეკონსტრუქციულ აქტად აქცევს.
სტუმრები: მაია ბარქაია, მალხაზ თორია
მოდერატორი: პროგრამის კურატორი ირინე ბერიძე
კინოკლუბისთვის დარბაზის დათმობისთვის მადლობას ვუხდით კინოთეატრ "ამირანს"
თემატური პროგრამის მხარდამჭერები